დაგვიკავშირდით

TOP 3 კრეატიული რეკლამა

TOP 3 კრეატიული რეკლამა

TOP 3 კრეატიული რეკლამა

რამდენჯერ ჩაგისქროლავთ რეკლამა სოც. ქსელებში? რამდენჯერ დაგიიგნორებიათ ბილბორდები ქუჩაში სეირნობისას? ან რამდენჯერ გადაგირთავთ ტელევიზორი სარეკლამო ჭრის დროს? ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ… Simple Steps წარმოგიდგენთ ჩვენს ფავორიტ TOP 3 კრეატიულ რეკლამას, რომელსაც ასე მარტივად გვერდს ვერ აუვლით.

 

კრეატივი სიკვდილის წინააღმდეგ

დიახ, არ მოგესმათ. 2010 წელს Mercedes Benz E-კლასის  ბევრისთვის ცნობილმა რეკლამამ “Sorry,” არც მეტი და არც ნაკლები, თავად ცულიანი სიკვდილის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა. მთავარი მესიჯი – უსაფრთხოების უმაღლესი დონე და გარანტია- კომპანიამ სულ რაღაც ნახევარ წუთში ჩაატია და იუმორნარევი ფორმით გადმოსცა. კრეატიული რეკლამის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მაყურებლის რეაქციის შესასწავლად უამრავი კვლევაც კი ჩატარდა. როგორც შედეგებმა აჩვენა, სიუჟეტის თავდაპირველმა გაურკვევლობამ, შიშმა და საბოლოოდ, შოკისმომგვრელმა იუმორმა მნახველზე დადებითად იმოქმედა. ცულიან სიკვდილთან “Sorry,” მაგრამ Mercedes Benz-მა ბედნიერი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო დასასრული არჩია.

 

 

რეკლამა „დრამატული“ სიუჟეტით

აბა, როცა საქმე ტერმიტებს ეხება, როგორ გინდა დრამა არ დადგა? ტაილანდურმა კომპანიამ, რომლის პროდუქციაც ტერმიტების საწინააღმდეგო სპრეია, ადამიანები მწერების ფორმებში გამოაწყო და სახალისო ფორმით აჩვენა, როგორ შეუძლია ერთ სპრეის ტერმიტების მთელი გუნდის განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა საკმაოდ ვრცელია, რთულია, თვალი მოაშორო პერსონაჟების დრამატულ მოქმედებას, ტერმიტების ბრძოლას გადარჩენისთვის და საბოლოოდ, დანებებას სპრეის წინაშე. ერთი, სიტყვით, თუ კრეატიული რეკლამის მაგალითს ეძებთ, ტაილანდური რეკლამის სამყაროში რამდენიმე კარგ, თავისებურ ვარიანტს იპოვით.

 

 

ერთი ნახვით შეყვარება

30-იანი წლებიდან დღემდე, ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელიც მატარებლის სადგურზე ერთი ნახვით დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა – არა, ეს ჰოლივუდის სიუჟეტი არ გეგონოთ, ლეგენდად ქცეული ფრანგული ბრენდი Lacoste-ს სარეკლამო რგოლია. „ცხოვრება ლამაზი სპორტია“ დევიზით ამ სასიყვარულო ისტორიამ აჩვენა, თუ როგორ აუწყო ბრენდმა ფეხი დროის ცვლილებას. დახვეწილმა სიუჟეტმა, კლასიკური მელოდიის ფონზე, მაყურებელში ერთდროულად რომანტიზმის, სევდის, დიდი მოლოდინის, გაოცების სასიამოვნო შეგრძნება დატოვა. ყველა ის ემოცია, რომელსაც ბრენდი აერთიანებს, კრეატიულ რეკლამაში იდეალურად აისახა. იმდენად, რომ წლების განმავლობაში ამ ცნობილ სარეკლამო რგოლზე ძალიან ბევრი იწერებოდა. აქვე, გიზიარებთ სიუჟეტის ერთ-ერთ საინტერესო ანალიზსაც: https://cutt.ly/lLqHPBY

 

როგორც ვხედავთ, კარგი კრეატივით რეკლამა არ იქცევა შემაწუხებელ, მოსაბეზრებელ „მეზობლად,“ რომელიც მაშინ გეჭრება სახლში, როცა ფილმში ყველაზე დაძაბული მომენტია. სწორი, დახვეწილი ან მარტივი, მხიარული სიუჟეტით, მელოდიით, მსახიობებითა და მიზნით კრეატიული რეკლამა ბრენდის დაუვიწყარ სახეს შექმნის.