დაგვიკავშირდით

TikTok 2022 – მინიმალური დანახარჯით დიდ აუდიტორიამდე

TikTok 2022 – მინიმალური დანახარჯით დიდ აუდიტორიამდე

 

ალბათ, ახლა ფიქრობთ: „ჩემი ბიზნესისთვის ისედაც საკმარის სოციალურ ქსელებს ვიყენებ, რა საჭიროა კიდევ ერთი?“ მაშინ გიპასუხებთ, Facebook-ის, LinkedIn-ისა თუ Instagram-ისგან განსხვავებით, რომლებიც ტექსტებისა და ფოტოების გაზიარებაზე არიან კონცენტრირებული, TikTok-აპლიკაციის ვიდეოფორმატი სრულიად ახალი, კრეატიული კომუნიკაციის გზას ქმნის.

აი, რას ვგულისხმობთ:

გამოიყენეთ ტრენდული კონტენტი ან შექმენით ახალი ტრენდი. TikTok-ის მთავარი უპირატესობა არის ვირუსულად გავრცელებული ტენდენციები, მარტივად დასამახსოვრებელი მელოდიები, უკვე არსებული ფრაზები ბევრისთვის საყვარელი ფილმებიდან თუ სიტკომებიდან, თქვენ მიერ წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი, რომელიც შეიძლება სხვა მომხმარებლებმაც აიტაცონ და გამოიყენონ, დუეტები… ყველა მათგანი არის მარტივი, კრეატიული გზა თქვენი ბიზნესის For You-ზე მოსახვედრად და ახალი აუდიტორიის მოსაზიდად.

„TikTok მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვისაა და ჩემს აუდიტორიას აქ ვერ ვიპოვი“ – თქვენი ხედვები ამ შემთხვევაშიც უნდა შევცვალოთ. მართალია, ე.წ. Gen-Z თაობა TikTok-ს დიდ დროს უთმობს, მაგრამ Instagram-მა, Facebook-მა და Twitter-მაც ზუსტად ასე, „ახალგაზრდული“ პლატფორმით დაიწყო. დღეს კი კარგად ვხედავთ, რა შეუძლია ამ სოციალურ ქსელებს თქვენი პროდუქტის გაყიდვისა და ცნობადობის გაზრდისთვის. TikTok-საც იგივე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი.

მეტი ტრენდი და გაცოცხლებული მიმები.  შესაშურად ეფექტიანი ალგორითმის წყალობით, თქვენს კრეატიულ ვიდეოებს ფართო აუდიტორიაზე გაჭრის ისეთივე შანსი აქვს, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავებს. მთავარია, მიჰყვეთ ტრენდებს, გამოიყენოთ ჰეშთეგები, არ გადაამლაშოთ, არ იყოთ მოსაწყენები და თვალი ადევნოთ For You-ს, სადაც ყველა სიახლე უმალ აისახება. TikTok-ტრენდების საუკეთესო მხარე ისაა, რომ მათი გამოყენება თუ გაგება ადვილი და სახალისოა, არამხოლოდ თქვენი აუდიტორიისთვის, არამედ თქვენთვისაც. რატომაც არა? თან გართობა, თან საქმე.

თუკი TikTok-სამყაროში შესვლა გადაწყვიტეთ, მაშინ აქვე მარტივი რჩევები გვაქვს თქვენთვის:

  1. განსაზღვრეთ მიზანი – ბრენდის ცნობადობის თუ გაყიდვების გაზრდა, მეტი წვდომა აუდიტორიაზე, სამიზნე ჯგუფის ინფორმირება და სხვა.
  2. გააზიარეთ ღირებული ინფორმაცია – იფიქრეთ, რა სურს აუდიტორიას. ასე თქვენი ვიდეო მათ ეკრანებზე მარტივად ამოხტება.
  3. იყავით თანმიმდევრულები და გამოაქვეყნეთ ვიდეოები რეგულარულად. დასაწყისში შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენი კონტენტი არ იქცევს დიდ ყურადღებას, მაგრამ არ გაჩერდეთ და ისწავლეთ მეტი.

რას უცდით? გამოიყენეთ ინტერნეტის ყველა უსაზღვრო შესაძლებლობა და თავად დარწმუნდით TikTok-ის სუპერძალებში.