დაგვიკავშირდით

2022 წლის ტრენდები ქოფირაითინგში

2022 წლის ტრენდები ქოფირაითინგში

უკვე არაერთხელ გავუსვით ხაზი მარკეტინგში სწორად შერჩეული სიტყვების მნიშვნელობას, თუმცა მათ რეალურ სუპერძალებზე ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით.
მოდით, ცოტა ხნით ჩვენებურ, მარკეტინგულ ენაზე ვისაუბროთ და ქოფირაითინგს შესაბამისი განმარტება მოვუნახოთ. სარეკლამო ტექსტების, ანუ ქოფის წერა ქოფირაითინგის პროცესია. ხოლო სიტყვების სამყაროში მთავარ როლს კალმით, ან უფრო კლავიატურით, ხელმომარჯვებული ქოფირაითერი ასრულებს.
ტერმინებში გავერკვიეთ და დროა, ბლოგის მთავარ თემაზე გადავიდეთ: რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქოფიში 2022 წელს?

1. იყავით მეტად ინფორმატიული
პანდემიამ, კარანტინმა, იზოლაციამ ინტერნეტმომხმარებელს სოციალური ქსელების სქროლვისთვის მეტი დრო მისცა, გაიზარდა ონლაინმომსახურებების რაოდენობაც. აუდიტორია იძულებული გახდა, დაეწყო ქოფების კითხვა მეტი ყურადღებითა და დაკვირვებით. ურთიერთკავშირი და საპასუხო რეაქცია კი მხოლოდ მარტივად გასაგებ ქოფებს მოჰყვა, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ ბადებდნენ ზედმეტ კითხვებს.
როგორც ვხედავთ, ახალი სამყარო მარკეტინგსა და სარეკლამო ტექსტებს გამუდმებით მეტი დაკვირვებისკენ უბიძგებს.

 

2. „ჩვენ ვართ შენ, შენ ხარ ჩვენ“ ტიპის ქოფი
მასობრივი ლოქდაუნის პირობებში, სოციალური ინტეგრაციის ნაკლებობამ ერთიორად გააძლიერა ჩვენი მოთხოვნილება, ვიგრძნოთ თავი რაიმეს ნაწილად. აღნიშნული დეტალი მასლოუმაც შეიტანა თავისი მოთხოვნილებების პირამიდაში, როგორც ადამიანის მესამე ძირითადი საჭიროება, საკვებისა და თავშესაფრის შემდეგ.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ქოფის საშუალებით იგრძნოს კავშირი თქვენს ბიზნესგვერდთან, გაუჩნდეს კომუნიკაციის სურვილი და საბოლოოდ, გახდეს თქვენი ლოიალური მომხმარებელი.

 

3. ნაკლები იმპულსი, მეტი გააზრება
მომხმარებელი ძველებურად იმპულსური აღარ არის და მსგავსი გადაწყვეტილებებიც ნელ-ნელა წარსულში რჩება. ამიტომ გახსოვდეთ, ტექსტზე მუშაობის დროს გამოიჩინეთ გონებამახვილება და წერეთ მხოლოდ გააზრებულად.
4. მოარგეთ ქოფი აუდიტორიას
ნუ მიუდგებით თქვენს რეკლამას, როგორც ბილბორდს. სოციალურ ქსელებში გაშვებული რეკლამების მთავარი უპირატესობა არის თარგეთირება და მიზნობრიობა.
უნდა იცოდეთ, რომ გვერდზე შემოსულ ყველა მომხმარებელს ერთი მიზანი ვერ ექნება. ადამიანები სხვადასხვა მიზნით სტუმრობენ საიტებს, შესაბამისად, ქოფიც სხვადასხვა მიზანზე მორგებული უნდა დახვდეთ (პროდუქციის შეძენა, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გართობა, ბლოგი და ა.შ.).
5. ყველაფერი გენიალური მარტივია
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ამბობდა, მაგრამ მოდით ეს ფრაზა ცოტა გავაციფრულოთ. მარკეტინგის სამყაროში ტექსტური მასალა არა უბრალოდ მოკლე და აღქმადი უნდა იყოს, არამედ კრეატიული და აუდიტორიის „გამოსაჭერი“ სიტყვებით გაჯერებული. ამიტომ სანამ საწერად კლავიატურას მიუჯდებით, დაფიქრდით, მომხმარებლის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში, რატომ დაუთმობდით თქვენს ძვირფას დროს სარეკლამო ტექსტის კითხვას.