დაგვიკავშირდით

2022 წლის ტალღა გრაფიკული დიზაინის სამყაროში

2022 წლის ტალღა გრაფიკული დიზაინის სამყაროში

გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავებული ტრენდების მიქსი. მასში ასახულია ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული კლიშეები თუ ტენდენციები. რაც მთავარია, მრავალფეროვნების ძალა ამ პროცესში შეუცვლელია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა დიზაინერები ერთ ტრენდზე რომ გაყინულიყვნენ? მოწყენილობა, მოწყენილობა და ისევ მოწყენილობა…

2022 წელს გრაფიკული დიზაინის სამყაროში კრეატიული ტალღა გვიახლოვდება, რომელსაც ძველი და გაუფერულებული ტენდენციების წალეკვა შეუძლია. დრო მოვიდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა, სხვადასხვა ტიპის სტილმა რეინკარნაცია განიცადოს და ცოტაოდენი ექსპერიმენტის დახმარებით ახლიდან იშვას.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალ და ორიგინალურ ტრენდს, რომელიც 2022 წელს თქვენს ყურადღებას ხშირად მიიქცევს

90-იანი წლების ნოსტალგია

კინოინდუსტრიამ, პოპულარულმა შოუებმა ( მაგ., StrangerThings, It) მაყურებლებს წარსულის „არომატი“ დაუბრუნა და ახალ თაობაშიც კი მათთვის არარსებული მოგონებები გამოაცოცხლა. გრაფიკულმა დიზაინმა არ დააყოვნა და რეტრო სტილი იდეალურად მოირგო. სიმბოლოები ძველი ინტერნეტსამყაროდან, მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი ემოჯები წარსულიდან, კაშკაშა, თვალშისაცემი ფერები ნამდვილი ძველი სკოლაა და ხშირად წარმატებულად აბრუნებს 90-იანების აუდიტორიას ბავშვობაში. როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

 

ესაუბრე ყველას

სამყარო სულ უფრო და უფრო ინაცვლებს ონლაინსივრცეში, სადაც, ფაქტობრივად, საზღვრები არ არსებობს და ურთიერთობებიც უფრო გლობალური ხდება. მრავალკულტურულ აუდიტორიაში რთულია, მყარად დაეყრდნო სიტყვებს. ზოგჯერ ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებულ საზოგადოებაში განსხვავებულად აღიქმება. გრაფიკულმა დიზაინერებმა ეს ფაქტი ნამდვილ გამოწვევად და განვითარების დიდ შანსად მიიღეს. ამიტომ 2022 წლიდან ველოდებით წარწერებს, რომელიც დაარღვევს ბარიერებს საზოგადოებებს შორის და ყველასთვის გასაგებ, მარტივად აღსაქმელ ფორმებს შექმნის.

უკიო-ე სტილი ანუ „მცურავი სამყაროს ნახატები“

წლებია დიზაინერები ცდილობენ აღმოაჩინონ გზები ციფრულ სამყაროში ბრტყელი ვექტორული ნამუშევრების დასამკვიდრებლად. წელს ინსპირაციის წყარო ძველი კულტურა, უფრო ზუსტად კი იაპონური, უკიო-ე სტილი გახდა. XVII საუკუნიდან XX საუკუნემდე იაპონური გრავიურის ბეჭდვის აღნიშნული ჟანრი ხშირად ასახავდა სხვადასხვა ისტორიულ ფაქტს, დადგმულ სცენას თეატრიდან, ყოველდღიურ ცხოვრებას, მოგვიანებით კი პეიზაჟიც ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანთა გამომეტყველება, მოძრაობის მანერა, პოზები არაჩვეულებრივი გზით იყო გამოხატული და დღესაც თანამედროვე გრაფიკული დიზაინერები ხშირად მიმართავენ მსგავს ტექნიკას.

უცებ შესრულებული ჩანახატები

რამდენი ფიგურა, ადამიანი ან საგანი დაგიხატავთ ფურცლის ნაგლეჯზე მოსაწყენი ონლაინშეხვედრების დროს? თუ გგონიათ, რომ ისინი უბრალოდ ცუდად შესრულებული ჩანახატებია, ცდებით. სინამდვილეში მსგავსი „ნაჯღაბნები“ ბევრს ამბობს ჩვენზე. გრაფიკულმა დიზაინმა ეს ფაქტი კარგად გაიაზრა, აითვისა და 2022 წლის ახალ ტენდენციებში მსგავსი აბსტრაქტული აზროვნება შემოგვთავაზა.

ანტიდიზაინი

არა, არ  მოგესმათ და არც თვალი გატყუებთ. დღეს სამყარო იმდენადაა გაყიდვებზე მორგებული, რომ დიზაინერებისთვის გამუდმებით წესდება საზღვრები კრეატივსა და მატერიალურ მოგებას შორის. ანტიდაზაინის ტენდენცია, სწორედ ამ მიმართულებით იბრძვის და თავს არიდებს უკვე დაწესებულ, ტრადიციულ პრინციპებს. ასიმეტრია, მკვეთრი და გადატვირთული ელემენტები, დამანგრეველი ძალის მქონე ფერები ანტიდიზაინის ძირითადი ნიშნებია. მართალია, არაერთი კრიტიკოსი ამ მიმართულებას ულამაზოდ და არაესთეტიკურად მიიჩნევს, თუმცა ტენდენციის მიზანიც, სწორედ სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ წასვლაა.

როგორც ვხედავთ, 2022 წელი გრაფიკული დიზაინის სამყაროში ბევრ საინტერესო, ამაღელვებელ, კრეატიულ და უცხო სიახლეს გვპირდება. ამიტომ ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ ღირს.