დაგვიკავშირდით

რეკლამა, რომელიც ყიდის

რეკლამა, რომელიც ყიდის

ძლიერი სარეკლამო კამპანიის წარმოება ადვილი საქმე არ არის. შეიძლება, ამ სიტყვების სიმართლეში ეჭვი შეგეპაროთ, იფიქროთ: რატომ უნდა იყოს რთული? დავდებ პოსტს, დავაჭერ მის ქვეშ კოხტად მოკალათებულ „ბუსტ“ ღილაკს თითს და… ვუალა! რეკლამაც გაეშვება.

„მთელი საქართველო, 18-დან 65-წლამდე, ორივე სქესი“.

გეცნობათ? თუ, კი – ცუდი ამბავი უნდა გითხრათ: ამ პარამეტრებით გაშვებული სარეკლამო კამპანიის პოტენციალი ძალიან მცირეა.

ის თითქოს უგზო-უკვლოდ დაეხეტება ერთი ფეისბუქმომხმარებლიდან მეორემდე და თქვენც მოუთმენლად ელით, როდის შეგატყობინებთ მესენჯერის აპლიკაცია სასურველ  სიახლეს: თქვენთან მესიჯია!

ხშირ შემთხვევაში მესიჯები ან საერთოდ არ არის,  ან „გზასაცდენილ მომხმარებელს“ ეკუთვნის, ვისაც თქვენი პროდუქციის შეძენა აზრადაც არ მოსვლია.

რატომ ხდება ასე?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას უკეთესი სარეკლამო კამპანიის წამოსაწყებად:

 

არ დაბუსტოთ!

ფეისბუქ ბუსტი იმდენად მარტივი და არაზუსტი სარეკლამო ხელსაწყოა, რომ ეფექტიანი კამპანიის წამოსაწყებად ნამდვილად არ გამოგადგებათ.

უმჯობესია, რეკლამები ბიზნეს მენეჯერში დაგეგმოთ, რადგან ამ პლატფორმას აქვს ძლიერი ინსტრუმენტები ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ბიზნეს მენეჯერის რესურსის სწორი გამოყენება გაზრდის თქვენი რეკლამის პოტენციალსა და კონკურენტუნარიანობას.

 

შეარჩიეთ სწორი მიზანი

ნებისმიერ რეკლამას სჭირდება სწორად შერჩეული მიზანი: ლაიქების მომატება, ცნობადობის გაზრდა, ჩართულობა, შეტყობინებების მიღება და ა.შ.

ბიზნეს მენეჯერი, ამ მხრივ, საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

მაგალითად, თუ თქვენი მიზანი პროდუქტის გაყიდვაა, უმჯობესია, შეტყობინებების მიღების სარეკლამო კამპანია აირჩიოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი მომსახურების შესახებ ცნობადობა აამაღლოთ, ამ შემთხვევაში, brand awareness კამპანია გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, რა მიზანსაც აირჩევთ, იმავე შედეგს მიიღებთ. ჩართულობის კამპანიით მუშაობისას ნუ გექნებათ მესიჯების მიღების მოლოდინი, საიტის ტრაფიკით რეკლამირებისას კი ონლაინ გაყიდვების მომენტალური ზრდის ამბიცია.

 

დაადგინეთ სამიზნე აუდიტორია

თქვენი სამიზნე აუდიტორიის მკაფიო სეგმენტიზაცია რეკლამის წარმატების პერსპექტივას ზრდის. კარგად დაფიქრდით, ვინ არის თქვენი მომხმარებელი? რამდენი წლისაა? სად ცხოვრობს? გამოიკვლიეთ ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებელი და, სწორედ, ამის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი იდეალური სამიზნე აუდიტორიის პარამეტრები.

სწორი სეგმენტის შერჩევით სარეკლამო ხარჯის ეფექტიანობასაც გაზრდით.

 

მიუთითეთ ინტერესები

ინტერესების მითითების საკითხზე ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს. მათ შორის ყველაზე მცდარია ის შეხედულება, რომ ინტერესების მითითება საჭირო საერთოდ არ არის.

წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ სამკაულების ბიზნესს. გაქვთ საშუალება, ინტერესებში მიუთითოთ აქსესუარების მოყვარული ადამიანები და არ იყენებთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა? მართალია, არ არის ჭკვიანური. ამიტომ, გირჩევთ კარგად შეისწავლოთ სარეკლამო ინტერესების კატეგორია და მაქსიმალურად გამოიყენოთ მისი პოტენციალი.

 

ბიუჯეტი

თუ ამ საქმეში პროფესიონალი არ გეხმარებათ და  ბიუჯეტის დაგეგმარება თავად გიწევთ, გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა – დაიწყეთ დაბალი ბიუჯეტით (3 ან 4 დოლარი დღეში) და დააკვირდით შედეგებს სულ მცირე პირველი 48 საათი. თუ 48 საათის გასვლის შემდეგაც არ მოგეწონათ კამპანიის შედეგები,  მაშინ, შეგიძლიათ გაზარდოთ თანხა და დააკვირდეთ ცვლილებებს.

 

რეკლამებს გაუწიეთ მონიტორინგი

რამდენად წარმატებულიც არ უნდა  იყოს სარეკლამო კამპანია, აუცილებელია მისი მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი.

რა თანხა ჯდება თითოეული შემოსული შეტყობინება? ხომ არ აჭარბებს პროდუქტისგან დატოვებულ სარგებელს? რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა? რეკლამაზე შეყოვნების დრო და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სამომავლოდ უკეთესი შედეგისთვის.

 

თუ ფიქრობთ, რომ ბლოგის რომელიმე პუნქტის მიმართულებით რჩევა გჭირდებათ, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ შედეგზე ორიენტირებული რეკლამების გაშვებაში.